„ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმას პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ ქვეყანაში არეულობის მოწყობას.
„ე.წ. აღშფოთებული მოქალაქეების უკან ყოველთვის დგანან ნაციონალური მოძრაობის, ანუ ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელი აქტიური პირები. ეს პიროვნება (ანანია გაჩეჩილაძე), ქალბატონი (როგორ მივმართო მას არც კი ვიცი) არის ადამიანი, რომელმაც წმინდანების ხატები პრეზერვატივებზე გამოსახა და ამით ამაყობდა.
როდესაც ასეთ ქმედებებს ჩადიხარ, საქართველოს სიყვარულზე, პატრიოტიზმზე ან ქვეყნის ერთგულებაზე როგორ შეიძლება საერთოდ ილაპარაკო. ესენი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის არევას. ისინი ემსახურებიან გლობალური ომის პარტიის მონებს და თავად არიან მონები. მათი მიზანია სახელმწიფოში არეულობის მოწყობა, ქვეყნის ომში ჩართვა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
ვერანაირი პროვოკაციული ქმედებით ისინი ამ მიზანს ვერასდროს მიაღწევენ. ჩვენ მყარად განვაგრძობთ წინსვლას კეთილდღეობისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ”, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.