“გავიგე, რომ რაღაც ტყუილი შეიძლება თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა არჩევნებზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ მივეცით ხმა? რა იყო, და იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული, ჩვენ თვითონ არ ვიცით? ხომ არ შეიძლება, მართლა, ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალში?” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობოებისა და ოპოზიციონერების ბრალდებებთან დაკავშირებით.
„მეხუთე დღეს რომ ამას მოიფიქრებ და, მათ შორის, ქალბატონ სალომეზეც იყო საუბარი, და ამაზე ცალკე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს იქ ჩანს, ვინ მისცა ხმა… აქ იყო მონიშვნა ზედა მხარეს, რაც იყო სატესტო არეალი წრის მონიშვნისა, და ის ჩანდა. სხვათა შორის, იქვე აუხსნა ქალბატონმა სალომემ, არ ჰქონია პრეტენზიები, და არც არავის. პირდაპირ ეთერში იყო ეს ყველაფერი.
მეხუთე დღეს, “ენჯეოებმა” ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და თქვეს: მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ მელანმა გაჟონა – აი, ეს არის მათი მთავარი საკითხი.
ამ საკითხზე არაფერი აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში, თავისი 350 დამკვირვებლით. ამ სისტემასაც ძალიან კარგად იცნობენ, სისტემა ზეპირად იცის ცესკო-მ. იმიტომ იყო, ცესკო-ს წევრი, ბატონი სიორიძე, რომელიც ერთ-ერთ ეთერში ვნახე, ხმას ვერ იღებდა ამაზე. ზუსტად იცის, რა სისტემით ჩატარდა, ხომ? ცესკო-ში ოპოზიციის წარმომადგენლები ხომ იყვნენ ჩართულნი? ქაღალდიც მათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მათ შეარჩიეს, კონვერტიც მათ შეარჩიეს – ოპოზიციამ.
ახლა მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, – არა, თქვენი არჩევნები არ ითვლება, ერთი 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ ვიღაც “ენჯეომ”, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე. და ხედავენ, მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეკიდონ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.