ფინური მედია:
“ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ფინეთიდან რუსეთში კვლავ შედის კომპონენტები და აღჭურვილობა, რომელიც შემდეგ გამოიყენება თავდაცვის მრეწველობაში, რაც ფინეთში ე.წ.
„შეუმჩნეველი“ კომპანიების წყალობით ხდება. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიპყრო სამართალდამცველების ყურადღება.
ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს არაერთი კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ფინეთში და კავშირი აქვთ რუსეთთან, ხოლო მათი კლიენტები დაკავშირებულნი არიან რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან.
საუბარია დაახლოებით 20 კომპანიაზე, რომლებმაც რუსეთში ექსპორტზე გაიტანეს კომპონენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს თავდაცვის მრეწველობაში.
საუბარია მცირე ლოჯისტიკურ ფირმებზე, რომელთა მფლობელები არიან რუსეთთან დაკავშირებული პირები და რომელთა ოფისები განლაგებულია მცირე შენობებში, ძირითადად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მსხვილი ლოჯისტიკური ჰაბების მახლობლად.
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა, მუშაობს ლაპეენრანტას მუნიციპალიტეტში და, საბაჟო ინფორმაციის თანახმად, რუსეთს აწვდიდა სენსორებს, დიზელის ძრავებს, საწვავის ტუმბოებსა და კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება მანქანის გადაცემათა კოლოფში.
მსგავსი დასავლური კომპონენტები აღმოჩენილი იყო უკრაინაში განადგურებულ რუსულ აღჭურვილობაში, მაგრამ ყველაფერი დასავლეთის სანქციებს არ ექვემდებარება.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აღნიშნული ფირმის ორ კლიენტს კავშირი აქვს რუსულ FSB-სთან, რუსეთის შესყიდვების შესახებ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით.
ასევე გამოვლინდა რუსეთში სხვადასხვა ოპტიკური და ელექტრონული აღჭურვილობის ექსპორტის შემთხვევები – ან უშუალოდ, ან ფინური კომპანია მოქმედებდა შუამავლის როლში მიწოდების ჯაჭვში.
კერძოდ, ასეთი აღჭურვილობის უზბეკეთისთვის მიწოდების შემთხვევები არსებობს, რომელიც ითვლება რუსეთში სანქცირებული საქონლის გაყიდვის ერთ-ერთ მარშრუტად.
უცნობია, ამ კომპანიების მეშვეობით ექსპორტირებული სენსიტიური ტექნიკის რა რაოდენობა მოხვდა რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში. თუმცა, გამოძიებიდან გამომდინარეობს, რომ ამ ფინური კომპანიების სულ მცირე ცხრა რუს კლიენტს კავშირი აქვს FSB-სთან ან რუსეთის თავდაცვის მრეწველობასთან”.