“ჩარევა [საპარლამენტო არჩევნებში] შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია – რუბლებით დაფინანსებული, დოლარებით დაფინანსებული და ა.შ. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, აიცილო თავიდან, საფრთხეები აიცილო თავიდან”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას უპასუხა – საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

“აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა “რუსული” გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენს თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების რაღაც ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის – აი, ამ ზომაზე ვართ მისული. გასანქცირებენ, გასანქცირებენო, მართალია, თქვენგან ვიგებთ, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა და ოჯახის წევრებსაც ეხება, ხომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის? – იმიტომ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს და მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები საკუთარ ქვეყანაში მიიღოს – ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე, ხომ? შესაბამისად, ეს იქნება რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის, ვინ რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ პირველ რიგში და თუ თავისუფალი ვიქნები ჩარევებისგან ყველა მიმართულებიდან”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.