ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

„სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოიკითხა. არიან ადამიანები, რომელთაც უკრაინასთან აქვს შემხებლობა. დიდი ალბათობით, გამოკითხულ პირთა წრე გაიზრდება და მათ შორის უკრაინაში მყოფი ადამიანებიც იქნებიან.

ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის. ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, მორიდებული კატა ვირთხებს ათამამებს. დიახ, ახლა მორიდების დრო არ არის. ვირთხებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ და შესაძლო დანაშაულის მომზადება/განხორციელება არავის უნდა ეპატიოს!

დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია. მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ, საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. შესაძლოა, საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ამ ბინძურ პროვოკაციას და მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, შემდეგ კი, სახელმწიფოს ყველა შტოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დამნაშავეთა საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა მათ მდებარეობას, – ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და სასჯელი სრულად მოიხადოს”, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.