“დიდი ხანია, ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, – ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

“ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე – ადამიანზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ?! აღარ არის მოთმენის დრო. ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი, დაკითხონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე.

როგორ ჰგონიათ, ქართველი ხალხი დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში – ქვეყანაში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და ამ მშვიდობის გარანტს – ბიძინა ივანიშვილს გვერდით არ დაუდგება?” – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.