„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები მიზნად ისახავდა ქვეყანაში არეულობის მოწყობას და, ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მინაწერი: “გლობალური ომის პარტია” ღია ომს უცხადებს “ქართულ ოცნებას”. ამ ძალის პოლიტიკური შინაარსი, ეროვნულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური ხელწერა და მშვიდობის სურვილი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია “გლობალური ომის პარტიისათვის”.

ომის პარტიას სურს, ქართულ სახელმწიფოში დააბრუნოს სისხლიანი ხელებით პოლიტიკის კეთება. მათი მიზანი, აწარმოონ აგრესიული პოლიტიკა, პოლიტიკურ შინაარსსაც გასცდა და ფაქტებით დასტურდება, რომ ის, ვინც ხელს უშლის და ეწინააღმდეგება მათი თამაშის წესს, დაექვემდებარება ფიზიკურ ლიკვიდაციას.

ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება, მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით.

ყველა პირი, რომელთა ამ საქმეში მონაწილეობა ფაქტებით დადასტურდება, მათი ამ საქმეში მონაწილეობის სამართლებრივი ხარისხის გათვალისწინებით, უნდა იყოს დასჯილი!

უნდა მოხდეს მათი გასამართლება კანონის სრული სიმკაცრით. ყველას სახელი და გვარი უნდა გახდეს ცნობილი და საჯაროდ გამოტანილი!

საჭირო იქნება მათი სხვა ქვეყნის მიერ გადმოცემა?!
უნდა იყვნენ გადმოცემულნი!

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა და ყველა, ვინც დაარღვევს კანონს, ჩაიდენს ან დაგეგმავს დანაშაულს, უნდა იყოს დასჯილი სათანადო ფორმითა და წესით”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.