“როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე – ერთი ვერსიაა, რასაც “ხალხის ძალა” ამბობს, და ჩვენც ამას ვიმეორებთ. ეს სიმართლეა, რომ ომში ჩართვის ინტერესი არსებობს ამ ქვეყნის გარკვეული ძალების მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე?” – განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

“როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი, უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი, და ნეგატიურ კონტექსტში – ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი ვნახეთ, უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე.

დღესაც, სხვადასხვა მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის უსამართლო კრიტიკა.

მეორე მხრივ, ნეიტრალური პოზიციიდან ვთქვათ: არსებობს ვერსია, რომ ომში ჩართვის ინტერესია. არ არის ასე? მაშინ, რა ინტერესია? უსამართლო კრიტიკის საფუძველი რა არის? რადგან ასეთი სხვა ვერსია არ არსებობს, ის ერთი ვერსია არის სწორი, მართალი, სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან (ეს არის “გლობალური ომის პარტია”, რომელსაც ასე ვუწოდებთ პირობითად) არის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს. მაშინ, ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ და ვიმსჯელოთ ამ ვერსიაზე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.