“აი, თქვენც ხომ თქვით ახლა, – თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ [“ლელოს”] შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ერთი< სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის, ფორმალურად, ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, უკანონო ჩარევაა. მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, – კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა, ვინც „ლელოს“ 5%-იან ბარიერს გადაალახვინებს.

„ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ, რომ მათ, ბოროტების გარდა, აერთიანებთ საერთო ნიშანი – ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.