“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.

“ამათ, თავიანთი ჯიბის “ედისონით”, ეს არჩევნები უკვე მოიგეს. ერთმანეთს ულოცავენ, – რუსები დავამარცხეთო. ალბათ, უკრაინაში ჰგონიათ თავი, ან მორიგი რუსოფობიური პარანოიის რეციდივი აქვთ; თანაც ისეთი, რომ თავიანთი ფანჩატურის ყოფილი “დირექტორიც” კი გააოცეს თავისივე “რისერჩებით”.

მათ მიერ “გამოკვლევებულების” შედეგებით, ჩვენ გარშემო, ჩვენივე ჩათვლით, ქვეყანაში ტოტალური “ნაცები” არიან, ოღონდ, გვარამიასა და მელიას გარეშე. ესენი მათსავე ორბიტაზეც აღარ ჩანან – ბოკუჩავამ მათი დედის გინების მესიჯბოქსი მიიღო “კეზერასგან”. ტრადიციულად, მინუსებშია ჩერგო/ბოკერიას “ტვიქსიც” და ამ კვლევების შეფასების მათი ვერსია წინ გველოდება.

სამაგიეროდ, იმავე “კეზერასგან” მიიღეს გავრილოვის ღამის გმირის “ბუქსირების” ბრძანება – გახარიამ ოლიმპიური ცეცხლის მორბენალებსაც კი გაასწრო, ისეთი რეიტინგი დაუხატეს. ახალი “უკვდავი” ლიდერიც გამოიყვანეს “მარადმწვანე” და აწ უკვე დამჭკნარი ბაქრაძის მაგივრად – ლომჯარია. დღეიდან ეგ გვეყოლება ხოლმე მის მაგივრად, პატრიარქის შემდეგ – მეორე ადგილას.

ამ საცირკო სანახაობას კი შალვა ნათელაშვილის სრული ციტატით დავასრულებ. ამაზე კარგ კომენტარს ვერ შემოგთავაზებთ: “რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ხალხსა და ქვეყანას ისინი, ვინც აი, ამ ე. წ. რეიტინგებს გვიჯღაბნიან, ათეული წლებია და გვიმრუდებენ ისტორიას. რა ხაზარაძე? რის გვარამია? რომელი იაგო და თვალთხარია გახარია? გინდათ, ის ხალხიც გააქციოთ, ვინც აქ დარჩა. სამარცხვინოა, სამარცხვინო”, – წერს ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.