“პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
“პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს აქ არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
ყველას შევახსენებ, თუ რას ითხოვდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე სახელმწიფოსგან მას შემდეგ, რაც მათ თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას. მათ სურდათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ხალხის ფულით, დადგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში.
ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ისინი ანაკლიის პორტიდან ვერ მიიღებდნენ სასურველ მოგებას, ეს თანხა ყოველ ჯერზე უნდა მიეღოთ ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მიზანი იყო ისეთი ბიზნეს-სქემის აწყობა, სადაც მათ კომპანიას უნდა ჰქონოდა გარანტირებული მოგება საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე.
პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველომ არათუ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას, არამედ პირიქით, მათ აქვთ აქეთ – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 650 000 აშშ დოლარი გადასახდელი.
საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი რამდენიმე ცვლილებით სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას ვადებიც არაერთგზის გაუხანგრძლივა და, ჯამში, 11 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლოც აპატია”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას, პაპუაშვილის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი და აღსანიშნავია, რომ პარიზის არბიტრაჟს ეჭვქვეშ ეს გარემოება არ დაუყენებია.
“ხაზარაძე-ჯაფარიძე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ თაღლითობაში. ხაზგასასმელია, რომ პარიზის არბიტრაჟს არ დაუყენებია ეჭვქვეშ მათ მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება.
ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეში ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს, ასე, ძველი მეგობრობით, შემთხვევით არსებული თავისუფალი 17 მილიონი აშშ დოლარი ასესხა ავთო წერეთელმა, რომელმაც შემთხვევით, წინა დღეს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკიდან მიიღო ეს თანხა; და ასევე შემთხვევით, ისე აღმოჩნდა, რომ ეს 17 მილიონი აშშ დოლარი, საბოლოოდ, უიმედო ვალად გაფორმდა და არასდროს დაბრუნებია ბანკს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.