2023 წლის აპრილიდან გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 730 სარჩელი შეიტანა სიძულვილის ენასა და მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით. ინფორმაციას  გამოცემა “POLITICO” ავრცელებს.

„ბევრი პოლიტიკოსი ექვემდებარება სიძულვილს, შეურაცხყოფასა და მოკვლით მუქარას, რომელიც მასობრივად ვრცელდება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში. რობერტ ჰაბეკმა გადაწყვიტა, არ შეეგუოს ამას და მიიღოს ზომები იმ შემთხვევების წინააღმდეგ, რომელიც არღვევს კანონს“, – განაცხადეს გერმანიის ვიცე-კანცლერის ოფისში.

გერმანიაში პოლიტიკოსების მიმართ მუქარის შესახებ დებატები ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების წინ მათზე ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ გაჩაღდა.

ბუნდესტაგის სტატისტიკის მიხედვით, „მწვანეთა“ პარტიის წევრები, რომელსაც რობერტ ჰაბეკი მიეკუთვნება, თავდასხმების ყველაზე ხშირი სამიზნეები არიან.