კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ თორნიკე მოლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და შეიძლება ითქვას, ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით.

„გამჭვირვალობის კანონის მეორე, უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის – აშშ-მ ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ და ამაგრებდნენ, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ჩვენს ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია. როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს? მით უმეტეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით. არაფერი საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნე ეს ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია”, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.