პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ყოველ წელს, 8 აგვისტოს წინა დღეს, ვაქვეყნებ ამ პოსტს. ხვალ სხვა ემოციები იქნება, დაღუპული ბიჭების მემორიალის მონახულება, მათი უკვდავი სულების ეკლესიურად მოხსენიება და ქართულ სუფრაზე მათი ტრადიციული დღეგრძელობა. გვიახლოვდება 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების მორიგი წლისთავი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ „ხუთდღიანი“ ომის მიმართ, კვლავინდებურად ძალაშია.
ძალაშია ასევე კითხვები – როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. პირადად მე, 2006 წლის შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში მომუშავე იმდროინდელი მაღალჩინოსანი მეგობრებისაგან მესმოდა – „მგონი იწყებს“, „ცხინვალზე აპირებს წასვლას“, „შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე…“ და ა.შ. 2007 წლიდან კი, ამაზე უკვე ენას ვერ იჩერებდნენ ვერც ექს-პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებიც, რომლებთანაც ხშირი სამსახურებრივი კონტაქტები მქონდა.
შიგნიდან ამ თემებზე ღია საუბრები, სულ რომ „სისულელე“ ყოფილიყო (თუმცა დრომ საწინააღმდეგო გვიჩვენა) – რომ არ გამოეპარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რატომ გახდა აღმოჩენა? სწორედ იმის კონტექსტში, რომ თურმე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე შემუშავებული ჰქონდა „საქართველოს მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კონტრმოქმედების გეგმა“.
დღეს კი, მე დარწმუნებული ვარ – ეს გეგმა ერთობლივად შემუშავდა, სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად.
რუსეთს უნდა განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია (ნაწილის მაინც), განეთავსებინა აქ სამხედრო ბაზები და ა.შ. – ამით შეეჩერებინა ჩვენი ნატო-სკენ მიმავალი წინსვლა. სააკაშვილის კორპორაციას უნდა ჩამოეწერა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ხაზით შემოსული და შეჭმული დიდი ოდენობით თანხა, ფორმულით – „ომი ყველაფერს ჩამოწერს“.
შედეგად – ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია. რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და შეაჩერა (ბუქარესტის ნატო-ს სამიტის შემდგომ) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმატებული მისწრაფება. სააკაშვილმა – ჩამოწერა არამიზნობრივად დახარჯული თანხები და შეუდგა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივ ათვისებას.
სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა. იმ დროს, როდესაც გმირულად იღუპებოდნენ შინდისის ბიჭები, მღვდლებს ურიკებით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან ცხედრები – სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია რუსი გენერალი ჩაბანის მძღოლად მოგვევლინა და ჩვენი „ჩამოსაწერი“ სამხედრო ტექნიკის ფოთიდან დატვირთვა/ტრანსპორტირებას აკვირდებოდა. ხოლო, აღმოსავლეთის “ფრონტზე” გენერალ ბორისოვის მომსახურე პერსონალს კახა ლომაია და ლადო ვარძელაშვილი წარმოადგენდნენ”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.