„დღეს რატომღაც მიჩნეულია, რომ ბოლო პერიოდში ურთიერთობების დაძაბვა ოფიციალურ ვაშინგტონთან, გამჭვირვალობის კანონის მიღებამ გამოიწვია. ეს შეიძლება ნაწილობრივ, ასეც მოჩანდეს, ოღონდ პრობლემა გაცილებით ღრმაა და უფრო გეოპოლიტიკის თემას უკავშირდება”, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

“მოგეხსენებათ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რასაც მოსკოვისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოყვა, ჩაიკეტა ტრანსციმბირული დერეფანი, რითაც ჩინეთი რუსეთის გავლით ევროპას უკავშირდებოდა. ჩინეთის ინტერესის ზრდა რეგიონში და „შუა დერეფნის“ პროექტის გააქტიურებაც სწორედ აქედან იწყება, რასაც მოყვა კიდეც შარშან საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ბევრმა მაშინ ყურადღება ნაკლებად მიაქცია ვაშინგტონის აშკარა გაღიზიანებულ ტონალობას. შუა დერეფანი არის ფაქტიურად რუსული ტრანსციმბირული დერეფნის ყველაზე მოკლე ალტერნატივა ჩინური საქონლის ევროპაში ჩასატანად და ორმხრივ ინტერესსაც წარმოადგენს ევროპული საქონლის ჩინეთში ექსპორტისათვის.

აშშ-ის ინტერესს წარმოადგენს ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობების შეფერხება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, რამაც ჩინეთის ეკონომიკა უფრო კონკურენტული შეიძლება გახადოს, რადგან ჩინეთს განიხილავს მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ. მე მთლიანად ვიზიარებ ბატონ ლადო პაპავას თვალსაზრისს, რომ ამერიკის ინტერესში არ არის საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ ამოქმედება, რაც გახდა იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის. თავის დროზე, ანაკლიის პროექტის ფაქტობრივი ბლოკირებაც ამ პოლიტიკის შემადგენელ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. მართალია, ანაკლიის კონსორციუმში ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ფიგურირებდა, მაგრამ არანაირი სერიოზული ინვესტიცია არ განუხორციელებია, ისევე როგორც ვერ დამისახელებთ რომელიმე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას ეკონომიკაში, თუ თელასის ყიდვას და მალევე რუსებისთვის მიყიდვას არ ვიქონიებთ მხედველობაში.

აქედანაც კარგად იკითხება აშშ-ის სენატში საგარეო კომიტეტის ორპარტიულ სხდომაზე, ცოტა ხნის წინ საქართველოს საკითხის განხილვისას თუ რატომ იყო გადატანილი მთელი აქცენტები არა იმდენად გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ, არამედ ანაკლიის პროექტის ჩინური ინვესტიციებით განხორციელების მიუღებლობაზე.

ბუნებრივია, ისმება კითხვაც რას გვთავაზობს დასავლეთი და ვაშინგტონი ალტერნატივად? ფაქტიურად არც არაფერს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც კი.
ეს საკითხი უფრო გასაგები, რომ გახდეს უნდა განვიხილოთ ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელსაც დასავლეთი აქ წლების მანძილზე უჭერდა მხარს. ამის საილუსტრაციოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც გარკვეულ სურათს იძლევა. 2014-2019 წლებში ეკონომიკის ზრდა მერყეობდა 3.4%-დან 6.1%-მდე, ყველაზე დაბალი იყო 2015-2016 წლებში 3.4%, ხოლო ყველაზე მაღალი 2018 წელს 6.1%. საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 4.6%-ს. ეკონომიკა, რომ საშუალო წლიურად 4.6%-ით იზრდებოდეს ნიშნავს, რომ ის გაორმაგდება 16 წელიწადში. სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზით 2023 -2028 წლამდე ჩვენ გვექნება საშუალო წლიური 5.3% ზრდა ანუ ეკონომიკა გაორმაგდება 14 წელიწადში. შედარებისათვის თუ ჩვენ გადავალთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ეკონომიკის გასაორმაგებლად უნდა გვქონდეს 2023-2028 წლებში საშუალო წლიურად 10.5%-იანი ზრდა, ხოლო ეკონომიკა რომ გაორმაგდეს 8 წელიწადში ანუ 2030 წლისათვის 9.5 %-იანი ზრდა.

ამ მონაცემებიდანაც კარგად ჩანს, რომ მოდელი, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა ფუნქციონირებდა, ეფუძნებოდა სსფ-ის რეკომენდაციებს და სიღარიბის დაძლევის გრძელვადიან პერსპექტივას, რადგან არ არის ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე, რაც არის ექსპორტის დივერსიფიკაციის და სწრაფი ზრდის მნიშვნელოვანი პირობა. ამ განვითარების პარადიგმაში, პირობითად ეკონომიკის 14 -16 წლიან გაორმაგებაში, არა თუ არ გვექნება თვითკმარი ეკონომიკა, ფაქტიურად არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, დღეს არსებული სტატუსკვოც კი შეიძლება გაუარესდეს. კიდევ უფრო გაიზრდება შრომისუნარიანი ახალგაზრდა თაობის მიგრაცია, რამაც ერთის მხრივ, შეიძლება შეამციროს არსებული უმუშევრობის მაღალი დონე, თუმცა უკვე სხვა პრობლემის წარმოშობით. შრომისუნარიანი თაობის ქვეყნიდან გადინება შექმნის სერიოზულ დისბალანს ცალკეულ სპეციალობებზე, ბიზნესსაც მოუწევს გარედან სამუშაო ძალის შემოყვანა. შედეგად, უახლოეს10-15 წელიწადში ჩვენ არანაკლები დემოგრაფიული ექსპანსიის წინაშე აღმოვჩნდებით ვიდრე დღეს ინგლისი, საფრანგეთი ან გერმანია დგანან.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის ამოცანა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასთან ერთად შეიძლება გადაიჭრას მსხვილი საერთაშორისო პროექტების ინიციირებით, რადგან ამ ტიპის პროექტები ატარებენ სინერგიის ეფექტსაც. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი, რომელიც ელექტროენერგიას მიაწვდის ევროპას საქართველოს გავლით, არ არის მხოლოდ ერთჯერადი ინვესტიცია, ის თავისთავად გამოიწვევს ახალ ინვესტიციებს ენერგეტიკაში, მათ შორის ალტერნატიული ენერგიის გენერაციის მიმართულებით. თავის მხრივ, იაფი ენერგეტიკა არის ადგილობრივი წარმოების სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რაც გამოიწვევს საინვესტიციო მოთხოვნის ზრდას ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ მიმართულებებზე, რაც ასევე გახდება სხვა მომიჯნავე სექტორების მკვებავი წყაროც. თვალსაჩინოებისათვის მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩქაროსნული მაგისტრალის რამდენიმე მიმართულების მშენებლობა მიმდინარეობს, ლოჯისტიკური ეფექტიანობის ინდექსით(LPI), რომელიც ზომავს გლობალური ვაჭრობის რეალურ სიჩქარეს მიწოდების ჯაჭვის ფაქტობრივი ინფორმაციის გამოყენებით, 139 ქვეყანაში 82 ადგილზე ვართ 2.7 ქულით. მართალია, 2018 წელთან შედარებით გავაუმჯობესეთ პოზიცია მთელი 42 ადგილით, 124 ადგილიდან 82 ადგილამდე და ვუსწრებთ რეგიონის ქვეყნებს თურქეთის გარდა(3,4 ქულა), მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ევროკავშირის ქვეყნებს სადაც ეს მაჩვენებელი 3.4-4.2 მერყეობს.

მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარადიგმაც აქ იკვეთება. ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით უკვე განვლილ გზაზე ანუ უარს ვერ ვიტყვით „შუა დერეფანზე“, რადგან იგი არის განვითარების გუშინდელი, შედარებით დაბალი ტემპით განვითარების პოლიტიკის ალტერნატივა ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, რაც 2030 წლისათვის ანუ ევროკავშირში გაწევრიანების სავარაუდო თარიღისათვის, არა თუ გააორმაგებს ეკონომიკის არსებულ მაჩვენებელს, არამედ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით საშუალო ევროპულ დონეზე თავისუფლად გავალთ, 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში, დღევანდელი 8200 აშშ დოლართან შედარებით.

ამასთან, ოფიციალური პეკინის „ერთი სარტყელი _ ერთი გზის” ინიციატივა თავსებადია აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანთან, რადგან თუ ერთმანეთს შევადარებთ `აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნის, იგივე TRACECA-ს და “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” “ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის ეკონომიკურ დერეფნის” პროექტებს, TRACECA გამოკვეთილად სატრანსპორტოა, „ერთი სარტყელი _ ერთი გზის” პროექტი გაცილებით კომპლექსურია, რადგან ტრანსპორტის გარდა ეკონომიკის სხვა დარგებსაც მოიცავს. მაგრამ, რამდენად არის მზად დასავლეთი ამ რეალობის გასათავისებლად? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შუა დერეფნის დაბლოკვა ასევე არის მოსკოვის ინტერესებში, როგორც ტრანსციმბირული დერეფნის ალტერნატივა. არა მგონია ვაშინგტონისათვის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს შუა დერეფნის კონფიგურაციაში საკუთარი ინტერესების მოძებნა. სხვა თუ არაფერი, ჩინეთთან საქონლით და მომსახურების სერვისებით სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 760 მილიარდ აშშ დოლარი იყო.

ყველა სხვა სცენარი, მათ შორის ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების მხარდაჭერა, ისევ დასავლეთისათვის იქნება კონტრპროდუქტიული.

არჩევანს საბოლოოდ მოსახლეობა გააკეთებს, რომელსაც ვფიქრობ, არავის მითითება არ სჭირდება თუ ვის მისცეს ხმა. დღეს ინტერნეტი შესულია არა თუ პერიფერიის დაბა-ქალაქებში, არამედ სოფლებშიც. ქართველ ამომრჩეველს დღეს გაცილებით ფართო საინფორმაციო ალტერნატივა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად ვიდრე თუნდაც 2020 წელს ჰქონდა ჰქონდა არსებული საინფორმაციო ბადიდან“, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუკის” გვერდზე.