პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომის გამოძიების ინიციატივას გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ასევე ეხმიანება ოპოზიციური მედიის კითხვებს ხელისუფლებისადმი, თუ რის გამოძიებას აპირებენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

„გუშინ მედია-სვავების მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ერთ-ერთი “ჩამჭრელი” კითხვა იყო: “რის გამოძიებას აპირებთ 2008 წლის ომთან დაკავშირებით? რა გაქვთ კიდევ გასარკვევი და ა.შ.” მე მაგალითად, ასე ვუპასუხებდი:

პირველ რიგში წერტილი უნდა დაესვას იმ ქართველი დეპუტატების “ბულინგს”, რომლებსაც ბრალი ედება 2008 წლის ოქტომბრის #1633 რეზოლუციაში შეტანილი ჩანაწერისთვის, სადაც ისინი ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. ერთხელ და სამუდამოდ, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გავარკვიოთ: ხომ არ იყვნენ ეს დეპუტატები ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ხომ არ იყო მათზე განხორციელებული რაიმე ფსიქოტროპული ნივთიერებებით ზემოქმედება. ჰქონდათ თუ არა რეზოლუციის ხელმოწერამდე მის ტექსტთან წინასწარ გაცნობის შესაძლებლობა. ხომ არ ჰქონდათ მცდელობა – გაეპროტესტებინათ ეს ტექსტი და რა შედეგი მოჰყვა ყოველივე ამას. საპარლამენტო კომისიამ უნდა მისცეს ამ ადამიანებს საკუთარი შელახული რეპუტაციის რეაბილიტირების საშუალება.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი იმას, თუ რა გარემოებებით იყო განპირობებული 2008 წლის სექტემბრის ბოლოს, ბრიუსელში ქართული დელეგაციის (ლადო გურგენიძე, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ იაკობაშვილი) წარუმატებელი ვიზიტი. ვიზიტი, სადაც ჩვენი დელეგატები არც კი მიიღეს ოფიციალურ დონეზე, სასტუმროს დერეფანში ჰავიერ სოლანას შემთხვევით გამოჭერას თუ არ ჩავთვლით. ევროსაბჭოს მიერ (რომელსაც საფრანგეთი თავმჯდომარეობდა) რატომ არ იქნა განხილული რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების თეორიული შესაძლებლობაც კი: ეს მოხდა ქართული დელეგაციის თხოვნის, მოსკოვის მუქარის, ბრიუსელის ღალატისა თუ ვაშინგტონის მითითების გამო.

ღიად და უპასუხოდ დარჩენილ ბევრ სხვა შეკითხვას შეუძლია ახადოს ფარდა მომავალმა საპარლამენტო კომისიამ, ხოლო მედია-სვავების კითხვაზე თუნდაც ამ ორის შეხსენებაც კმარა…“ – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.