“თუ აკვირდებით, ყველა ეს აგენტურული პარტია, მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან და შეხვედრებს ატარებენ. დიდი საარჩევნო აქტივობები არ აქვთ, ბილბორდებიც არ გამოუკრავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იგეგმებოდეს გარკვეული პროვოკაციები და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ყველას მოვუწოდებ, ეს ხელის ქნევები დავამთავროთ, გავჩერდეთ. რაც არ უნდა გამწარებულები ვიყოთ, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, რაც არ უნდა მათი დანაშაულები გვახსოვდეს, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. მათ უნდათ პროვოკაცია, მათ სჭირდებათ მსხვერპლი, პროვოკაციული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რაღაც მსგავსს აუცილებლად იკადრებენ და ამასაც არ ვამბობ შემთხვევით; და ამის საშუალებას, ყველას ვთხოვ,ნუ მივცემთ „ნაცმოძრაობას“.
არანაირი პარტიები არ არსებობს. ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რეიტინგებში 2 და 3 პროცენტს ინარჩუნებს, არის „ნაცმოძრაობის“, ანუ აგენტურის დანამატი, მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე. „ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, კი ხედავთ და რატომ? – იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს 5 ნომერს და დანარჩენები წვალობენ და ებღაუჭებიან 5-პროცენტიან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. მათ სჭირდებათ რაღაც დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, სახელმწიფოებრივადაც და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ მათ პროვოკაციებს არ აჰყვეს და არანაირი პროვოკაციის დაშვება არ მოვახდინოთ.
ახლა, სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება ამ დაშვების გამორიცხვა, რომ მათ ვერ შეძლონ, არ უნდა დავუშვათ, რომ მათ შეძლონ რაიმე პროვოკაცია, რომ ეს ქვეყანა ფიზიკურადაც და სულიერადაც გადარჩეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.