საქართველო გამოხატვის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, 11 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.
„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოხატვის თავისუფლების ინდექსი 2023 გამოაქვეყნა.
ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.
შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 84,9% დაიმსახურა, რითაც გადაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და სხვადასხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებს: საბერძნეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სლოვენიას, კვიპროსს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ისრაელს, სამხრეთს კორეას და ა.შ.
საქართველო გამოხატვის თავისუფლებით მსოფლიოში 44-ე პოზიციაზეა, ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილს იკავებს.
საქართველო 2012 წლის შემდეგ გამოხატვის თავისუფლების შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზე იყო, 11 წელიწადში კი სარეიტინგო პოზიცია 64 ადგილით გაიუმჯობესა.
“დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.