„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მცხეთაში გამოსვლასა და ტყვიაგაუმტარ მინასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„2004-2012 წლებში ქართულმა სახელმწიფომ, ჩვენ – ხალხმა გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, გვარამია და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად გარე პოლიტიკურმა აქტორებმა გაამზადეს და რევოლუციის ძალით დაგვისვეს. აქედან დაიწყო ავტორიტარული რეჟიმის მოდელით ქვეყნის მმართველობა, რომელმაც საქართველოს, ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ომი და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.
ბიძინა ივანიშვილმა დაინახა და დროულად შეაფასა მაშინ არსებული რისკები, ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საშიშროება და 2012 წელს მან გვერდზე გადადო ყველაფერი, მათ შორის, საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო და ქართველი ხალხი აგენტურის დიქტატურისგან.
2012 წლიდან დღემდე პოლიტიკურმა ძალამ – “ქართულმა ოცნებამ”, ეროვნული პოლიტიკის პარალელურად, შეუძლებელი შეძლო და, თავაწეული, დღესაც ახერხებს, გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს ეროვნული ამბიციით.
ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დიდია და მას ვერავინ წაშლის. ის პოლიტიკაში წაუგებელ თამაშს თამაშობს და ამით არაკეთილმოსურნე ძალის პირდაპირი სამიზნეა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს და მიმდინარეობს გამოკითხვები ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით. გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზეც. გამოკითხულმა პირებმაც დაადასტურეს, რომ საქმე ეხება “ქართული ოცნების” ლიდერების, ასევე პარტიის საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას.
ამ გამოძიების ფონზე და საერთო სურათის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის დასაცავად, ლოგიკურია, მიღებულია ყველა ზომა. ეს არის პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოს ვალი და მისია. და ყველა ის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიღებულ უსაფრთხოების ზომებს პოლიტიკურად აქილიკებს, არის პოლიტიკურად უმეცარი ან უფრო უარესი – მისი ლიკვიდაციის მსურველთა ნების თანაზიარი.
ბიძინა ივანიშვილს დაიცავს სახელმწიფო და, თუ საჭირო გახდა, დავიცავთ ყველა ერთად, ვისთვისაც ეს კაცი ძვირფასია და ვისაც გვესმის, რომ ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის უკეთესი მომავლის პერსპექტივა ამ ადამიანის პოლიტიკაში არსებობაზე გადის.
პოლიტიკურ რინგზე შევხვდებით 2024 წლის 26 ოქტომბერს! ჩვენ დავიცავთ ჩვენს წილ საქართველოს, რომლის ქცევაც თქვენ შპს “საქართველოდ” გინდათ, და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ! ქართული სახელმწიფო იმსახურებს ეროვნული ამბიციით ევროპულ გზაზე გადადგმულ არაერთ ნაბიჯს!“ – წერს მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.