დამოუკიდებელი გამოცემა “Geopolitical Economy Report-ი” სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია აშშ-ის მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციის „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) შესახებ, რომლის ეგზიტპოლის შედეგებიც ვენესუელის ოპოზიციამ და დასავლეთმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოიყენეს.
სტატიაში ცალკე თავი ეთმობა „ედისონ რისერჩის“ ჩარევას საქართველოში. “Geopolitical Economy Report-ის” ცნობით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რობ ფარბმანმა “LinkedIn-ის” საკუთარ პროფილზე დაწერა, რომ ბოლო დროს, ის აკონტროლებდა „საარჩევნო გამოკითხვას საერთაშორისო კლიენტებისთვის, ვენესუელაში, ერაყში, უკრაინასა და საქართველოში.“ ირკვევა, რომ ის ასევე მუშაობს საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციებთან: BBC, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა.
„LinkedIn-ზე ფარბმანი ასევე აცხადებს, რომ „ედისონი მუშაობს კომერციული კლიენტების, მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრთან“, თუმცა მან არ გაამჟღავნა კონკრეტულად რომელ მთავრობებთან”, – ვკითხულობთ სტატიაში, სადაც აღნიშნულია ისიც, რომ ფარბმანი არ არის „ედისონ რისერჩის“ ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა აშშ-ის მთავრობის პროპაგანდისტულ საშუალებებთან.
„ედისონის უფროსი მრჩეველი ნინო ჯაფარიძე ასევე მუშაობდა აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს, “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმისთვის”, ისევე როგორც ლონდონის “BBC-სთვის”. მაუწყებლობის მმართველთა საბჭო არის აშშ-ის მთავრობის პროპაგანდისტული ორგანო, რომელსაც 2018 წელს ეწოდა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო.
2019 წელს ჯაფარიძეს მეგობრული ინტერვიუ ჰქონდა ამერიკულ პროპაგანდისტულ გამოცემა „ამერიკის ხმასთან“ და განიხილავდა „საქართველოს დემოკრატიისთვის მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, ბოლო წლებში, საქართველო გახდა ვაშინგტონის სამიზნე, რომელიც ამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის შეერთებული შტატების იმპერიული გავლენის სფეროში შეყვანას ცდილობდა. 2008 წლიდან აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად.
„ვაშინგტონის ზეწოლა საქართველოზე მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2024 წელს, როდესაც ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ავალდებულებდა ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს ქვეყნის გარედან, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად.
ამერიკული რბილი ძალის ორგანიზაციები, როგორიცაა „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED), სხვა დასავლურ მთავრობებთან ერთად, აფინანსებს ევროკავშირის მომხრე ბევრ „სამოქალაქო საზოგადოების“ ჯგუფს და ნატო-ს მომხრე მედიასაშუალებას საქართველოში, რომლებიც იძულებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად ამ კანონის მიხედვით”, – აღნიშნულია სტატიაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ძლიერ ლობირებდა კანონპროექტის წინააღმდეგ და სანქციებიც კი დაუწესა ამ კანონის მხარდამჭერ ქართველ ოფიციალურ პირებს.
როგორც სტატიის ავტორი ბენ ნორტონი წერს, გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის მთავრობასთან კავშირების გათვალისწინებით, „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვა 2023 წლის დეკემბერში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში მოსახლეობის 90%-ს სურს მჭიდრო კავშირი ევროკავშირთან, 80%-ს სურს მჭიდრო კავშირი აშშ-სთან და მხოლოდ 43%-ს სურს მჭიდრო კავშირი რუსეთთან.
„ამან დაადასტურა ვაშინგტონის ნარატივი სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის ამძაფრებდა ინტერვენციული ზეწოლის კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ”, – ვკითხულობთ სტატიაში.