ოზურგეთისა და ლანჩხუთის 50 000-მდე მცხოვრებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
“აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების არსებული, ამორტიზებული ქსელის განახლება. ეტაპობრივად, წლის ბოლოს და, ასევე, მომავალ წელს ოზურგეთსა და ლანჩხუთში უკვე 24- საათიანი წყალმომარაგება იქნება,” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ოზურგეთში წყალმომარაგების პროექტის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
“პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, შენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური; მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და საჭირო ინფრასტრუქტურა.
დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელ ქვემო ნატანების ორ უბანშიც: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. შედეგად, 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24- საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მოწესრიგებული და რეაბილიტირებული სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, ასევე მოწყობილი ქსელი და მაგისტრალი შესაძლებლობას მოგვცემს, განვახორციელოთ სრული დაფარვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოზურგეთს, ლანჩხუთს და შესაბამის მუნიციპალიტეტებს – ჯამში, დაახლოებით, 17 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ ადგილებში მანამდე არასდროს ყოფილა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ქსელი. სამწუხაროდ, ასეთი მდებარეობები მიმდინარე პროექტებში ბევრია,” – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მიმდინარე სამუშაოები მინისტრთან ერთად დაათვალიერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება, სახელმწიფო დაფინანსებით, 115 მილიონ ლარს შეადგენს.
წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და რეზერვუარი. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 10 მილიონ ლარამდე მოხმარდა.
გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტების დასრულება ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც 40 400-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.