სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ზაფხულის ტურისტული სეზონი სააგენტო “კვირის” პრესკლუბში სტუმრობისას შეაფასა.
“თბილისში აპრილის ბოლომდე 35%-იანი მატება გვქონდა, მაისი-ივნისის ნახევარი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩავარდა. + 35% გადაიქცა -40 %-ად. ივნისის შუა რიცხვებიდან ბიზნესმა ისევ მოახერხა ფეხზე წამოდგომა და ივნისის ნახევარი, ივლისი და აგვისტო, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 20-25%-იანი მატებითაა. იმედი მაქვს, რომ წლიურ ჭრილში 20%-იანი მატება გვექნება.
რაც შეეხება ვიზიტორებს – ისრაელიდან ბევრი სტუმარი გვყავს, ასევე გალფის რეგიონიდან, პოსტსაბჭოთა სივრცე აქტიურია, ასევე აღმოსავლეთ ევროპაც, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნების მიქსია. იმედი გვაქვს, ტურისტების რაოდენობის ზრდა სასტუმროებისთვის ფასების ზრდაზეც აისახება.
წელს თბილისის სასტუმროებში საკმაოდ დაბალი ფასებია. დედაქალაქი, ამ ეტაპზე, ორ ნაწილადაა გაყოფილი.
გვაქვს ხუთვარსკვლავიანი და სამვარსკვლავიანი სეგმენტი. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები დატვირთვას, სამწუხაროდ, სამვარსკვლავიანი სასტუმროების ფასად ახდენენ. იმედი გვაქვს, თუ დატვირთულობა კიდევ უფრო გაიზრდება, შემდეგ წლებში ფასის მატებასაც მოვახერხებთ. თბილისში სამ -ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ფასი, ამ წუთისთვის, თითქმის 50-70%-ით ნაკლებია, ვიდრე 2016-2017 წლებში”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.