„საქართველოს ევროპული მომავალი იმდენად დიდი დოზით არის წარმოდგენილი წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ამ თემას“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ოპოზიციის მხრიდან, ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ევროკავშირის თემაზე ბევრი ტყუილი გვესმის, ბევრიც – მანიპულაცია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ევროკავშირის საკითხით სპეკულირება არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მხრიდან ხდება, არამედ თვალსაჩინოა ამ პროცესში გარე ძალების მოურიდებელი ჩართვა.
ეს იმდენად უხეში ფორმებით კეთდება, რომ დღეს ზოგიერთი უცხოელი ე.წ. მეგობრის საქციელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოში არჩევნებში ჩარევა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველი ხალხი ევროპელი ერია და ჩვენს ევროკავშირისკენ სწრაფვას ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია განაპირობებს, რომელიც, ძირითადად, სწორედ ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლის ისტორიაა.
ახლა მათ მინდა მივმართო, ვინც ცდილობს, კითხვის ნიშანი დასვას საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირისკენ სწრაფვის გულწრფელობასთან დაკავშირებით და არ ერიდება იმის თქმას, რომ თითქოს, ვინმესთვის კიდევ გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.
თუ თქვენ საკუთარ თავს არ იტყუებთ და ჭეშმარიტებას ეძებთ, იხელმძღვანელეთ ფაქტებით!
ფაქტები არ ტყუის და არც უადგილო კითხვებზე პასუხების ძიებაში დაკარგავთ დროს, თუკი მათ დაუჯერებთ.
ფაქტი არის ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიის პრინციპებს; რომლისთვისაც ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არის ყველაზე მთავარი; რომლისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ დეკლარაცია.
ფაქტი არის ის, რომ დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი სრულად მონოპოლიზებილია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ –
იმ ძალის მიერ, რომელმაც ქართველ ხალხს თავი რეპრესიული მექანიზმებით მართვით დაამახსოვრა. იმ ძალის მიერ, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესი და ღირსება უცხო ცნებებია და ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არაფრად მიაჩნია.
ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას სტატისტიკა და, თუ არ გინდათ, ჩვენი სიტყვები დაიჯეროთ, მიმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მის მონაცემებს. ციფრები გეტყვით, რატომ არ აქვს ქართულ ოპოზიციას არაფერი საერთო ევროპულ ფასეულობებთან და რატომ არ შეიძლება მათი ყალბი პროევროპელობის დაჯერება.
ციფრები გეტყვით, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, უსამართლო ბრძოლაში, მრავალი ხელისშემშლელი ბარიერის მიუხედავად, ებრძოლა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, არ შეშინებოდა კრიტიკის, მაშინ, როდესაც საქმე სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.
ფაქტები გეტყვით იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში ერთგულება არ აქვს დასამტკიცებელი. არც
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის 2013-2014 წლებში და არც მისი შესრულების ასეთი წარმატება.
აქაც ფაქტებს შეხედეთ და შეადარეთ საქართველო სხვა პარტნიორებს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი.
არც ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა იყო საჩუქარი ევროკავშირის მხრიდან. ესეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაუღალავი შრომის შედეგად გატარებული რეფორმების შედეგია.
არც ჩვენი სამხედროების საერთაშორისო მისიებში წინა ხაზებზე მსახურება იყო უბრალო ჟესტი. ესეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლინება გახლდათ – ვმდგარიყავით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით.
არც ეკონომიკური განვითარების ეს შედეგები არის ციდან ჩამოვარდნილი. ესეც „ქართული ოცნების“ სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და 12-წლიანი მშვიდობიანი მართვის შედეგია.
არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ევროკავშირის დროშის ფრიალით მიღებული ისტორიული შედეგი.
ქვეყნის წინსვლა უფრო მარტივი იქნებოდა, რომ არა სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით წარმოდგენილი ქართული ოპოზიციის დაუღალავი და დაუნდობელი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და მისი ინტერესების წინააღმდეგ.
აქაც ფაქტებს შეხედეთ, ვინ არწმუნებდა საერთაშორისო პარტნიორებს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ საქართველოსთვის; ვინ ებრძოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან; ვინ აბრალებს საკუთარ ხელისუფლებას პრორუსობას და ვინ ქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების საფრთხეს მუდმივად.
ეს არის რეალობა. ამაზე მეტყველებს ფაქტები.
როგორც უნდა სცადოთ ოპოზიციური ფლანგის გაკეთილშობილება, რთული იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის შეცდომაში შეყვანა.
ამიტომ ერთხელ მაინც ენდეთ ქართველი ხალხის არჩევანს და უადგილო და უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემასა და სიმართლის მტკიცებაში ნუ დაგვაკარგვინებთ ძვირფას დროს.
ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ არავინ დააყენოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.