ექსპერტი დავით ჩიხელიძე ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებს, სადაც გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„აუცილებელია, საგამოძიებო უწყებების მიერ დაბარებულ იქნას გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
კადრებში მკაფიოდ ჩანს ინციდენტის დაწყება: გახარიამ საკუთარი ბატონების მოსაწონებლად პროვოკაციული ქმედება განახორციელა – მან დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ესროლა, რასაც სამხარაძის მიერ თავის დაცვა მოჰყვა, შესაბამისად, ინციდენტს გახარიას სახით მოძალადე ჰყავს, რომელმაც დეპუტატზე მიზანმიმართულად იძალადა, ამის შემდეგ კი ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი გააქტიურდა, რომელიც მმართველ გუნდს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა!
პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის! კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს. წერტილი!“ – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.