„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სხვადასხვა წინასაარჩევნო დარღვევის, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და ისინი, კონსულტაციებისთვის, ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა. მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – განაცხადა მიქანაძემ.