“ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალა ამ თემებს იყენებს, რათა გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

„ვნახეთ, რომ გარკვეული წინადადებები იყო მომზადებული სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან. ასევე ვნახეთ ევროკავშირის საბჭოს საკმაოდ კრიტიკული დასკვნა, სადაც მსგავსი საკითხები ასახული არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ისეთი საკითხები, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება.

ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალა იყენებს იმისთვის, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე არჩევნების დარღვევებზე, მაშინ, როცა არჩევნები წინაა.

საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არსებობს და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არის. ამ საკითხებს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და წინაპირობები აქვს, როცა ხდება მსგავსი საკითხების განხილვა და წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ასეთი წინაპირობები არ არსებობს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა “Politico-მ” ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ევროკავშირი მზად არის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს, თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს”.