“იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ”, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
“მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისაგან თავშეკავებისაკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს.
უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად. დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.