„მიგრაციული თემატიკა დღეს მეტად აქტუალურია ევროპის ბევრ ქვეყანაში და რა გასაკვირია, ჩვენთანაც რეზონანსული იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ. ოღონდ, აქაც არის ერთი ნიუანსი: თუ ევროპაში ამ საკითხის სერიოზული განხილვა ხდება, ჩვენს შემთხვევაში პოპულიზმისა და ზედაპირულობის ფორმატს ვერ სცდება”, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

“ქართული ოპოზიცია მისთვის დამახასიათებელი ტენდენციურობით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობის შემცირება 4, 497 მილიონი ადამიანიდან 3,728 მილიონამდე – ანუ 769 ათასი ადამიანით – “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მაგრამ თუ რა იყო ამის რეალური მიზეზები, ამაზე თავს ნაკლებად იტკიებენ, თითქოს ამ თემის გაშლა სერიოზული განხილვის დონეზე მოსახლეობისათვის ნაკლებად საინტერესო იყოს!

დავიწყოთ იქიდან, რომ 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა უკვე იყო შემცირებული მილიონზე მეტი ადამიანით 1991 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული. მთლიანობაში, 1991 წლიდან დღემდე მოსახლეობა შემცირებულია 30%-ით.
მეტად საინტერესო სურათს აჩვენებს გაერო-ს world population prospects-ის მონაცემები 1990-2023 წლებში ევროპის დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, – თუ როგორ იცვლებოდა ევროპის პოპულაცია ბოლო 33 წლის განმავლობაში.

ნიშანდობლივია, რომ შემცირების მაღალ, ე. წ. წითელ ზონაში ჩვენს გარდა არიან: მოლდოვა – 31%-ით, უკრაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინა – 28%-ით, ასევე ბალტიის ქვეყნებიდან ლატვია – 29%-ით და ლიტვა – 23%-ით. ეს მონაცემები იმიტომაც მოვიყვანე, რომ ბალტიის ქვეყნებში ჩვენსავით არც სამოქალაქო ომი ყოფილა, არც ხელისუფლების დამხობა სამხედრო გადატრიალებით და არც გარედან ინსპირირებული და მხარდაჭერილი სამხედრო კონფლიქტები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მსგავსად.

ბალტიის ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილთან ერთად პირველივე გაფართოებისას უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც გახდენ ევროკავშირის და ნატო-ს წევრები!

ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ევროკავშირის და ნატო-ს წევრია ბულგარეთი და რუმინეთი, საკმაოდ მაღალი – 23%-იანი და 17%-იანი დეპოპულაციით!

მოსახლეობის მატება ევროპაში თუ სადმე მოხდა, ეს ისევ მაღალგანვითარებული ქვეყნებია: საფრანგეთი + 17%, ესპანეთი +23 %, ავსტრია +19 %, დიდი ბრიტანეთი +20%, ჰოლანდია +20 % და ბელგია +18. რაც არანაკლებ საინტერესოა, ამ ქვეყნებში მატება მოხდა არა შობადობის ბალანსის გაუმჯობესებით, არამედ მიგრაციული სალდოს გაუმჯობესების შედეგად, როგორც აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხარჯზე, ისე აფრიკის ქვეყნებიდან, რომელიც, თავის დროზე, იაფი მუშახელის სახით შევიდა, და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. სწორედ ამ მიგრაციულ დისბალანსს ავტოქტონულ მოსახლეობასთან შედარებით, რაც ამ ქვეყნებში დემოგრაფიული სურათის შეცვლითა და მუსლიმანური ელემენტის გაძლიერებით მიმდინარეობს, აპროტესტებს ევროპის ქვეყნებში ოპოზიცია, როგორც ულტრალიბერალური მმართველობის მიუღებელ ფორმას!

აქედან გამომდინარე, როდესაც ოპოზიცია გვპირდება, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში დაჩქარდება ევროინტეგრაცია, რაც ავტომატურად გამოასწორებს დემოგრაფიულ მდგომარეობას, არის მორიგი დიდი ტყუილი!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუკის” გვერდზე.