„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება – როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან; ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ, გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ეროვნული ინტერესები და ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.

ჩვენ ვერ შეგვაშინებს ვერანაირი მუქარა, რადგან ვაკეთებთ სწორ და, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქართულ საქმეს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებას.

ჟურნალისტის კითხვას, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების ფონზე, არის თუ არა ბუნებრივი აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, კალაძე ასე პასუხობს:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ასეთ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნების თარიღი. დღეს ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, არჩევნებს ატარებენ უცხოური ძალები, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა აქვთ. პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანია, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, – ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ საელჩოებში, უცხოელებისთვის.

ამ ქვეყნის მომავალსა და ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ჩაბარდა წარსულს ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. საქართველოში მეორე ფრონტი არ და ვერ იქნება – ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, და ქვეყანა არ შეუერთდება სანქციებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიღებაზე მოწვევა ჯერ გამოიგზავნა, შემდეგ კი მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება, რათა „რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულ ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ“.

„ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“, – განაცხადა კახა კალაძემ.