„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის დემარშის მიზეზები განმარტა.

„მშვიდობის შენარჩუნებაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე და მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი, „ხალხის ძალასთან“ ერთად, შეძლებენ იმ მთავარი ამოცანის შესრულებას, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება.

ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის უდიდესი ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრი იყო მოსურნე იმის, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოშიც დატრიალებულიყო.

არცთუ დიდი ხნის წინ ბრიტანული “The Economist-ი” წერდა, რომ რუსეთს არ აქვს ძალა და არ ეყოფა რესურსები იმისთვის, რომ ორ ფრონტზე გაშალოს ბრძოლა, მას არ ეყოფა ძალა გამარჯვებისთვის. სწორედ ამიტომ არ ცხრება მცდელობები, რომ საქართველო იყოს ამ მეორე ფრონტის ადგილიც და მოქმედი პირიც. ორ-ნახევარი წელიწადია, გრძელდება ამ რესურსების სიმცირეზე საუბარი, მაგრამ რაღაც ვერ ვამჩნევთ, რომ რუსეთს საომარი რესურსები ელევა. ჩვენ ნამდვილად ვერ და არ შევწირავთ ვიღაცის ინტერესებს ჩვენს სამშობლოს.

რეალობაა, რომ ხშირად ჩვენი და ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორებად“ წოდებული ქვეყნების ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით. მსგავსი განცხადებები აშშ-ის მაღალჩინოსნებისგან არაერთხელ მოგვისმენია უკრაინის კონტექსტშიც. მაგალითად, ახლახან სენატორმა ლინდსი გრემიმ თქვა, რომ 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების წიაღისეულია უკრაინის მიწაში და ამას რუსეთს ვერ დავუთმობთო. ანუ, პირდაპირ თქვა, რომ აშშ-ს აქვს ინტერესი, თვითონ დაეპატრონოს ამ სიმდიდრეს და ამიტომ მიმდინარეობს ომი უკრაინაში.

უფრო ადრე მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებები – როცა ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, ამით რუსეთს ვასუსტებთ, ხოლო უკრაინისადმი გაწეული დახმარების 90% ისევ აშშ-ში რჩება, სადაც იქმნება ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ვითარდება სამხედრო მრეწველობაო. მათი თქმით, ეს კარგია ამერიკისთვის, სადაც ამ ომის გამო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი სწრაფი ტემპით ვითარდება და უზარმაზარ ფულს აკეთებს; კარგია იმ სამი ამერიკული კომპანიისთვის, რომლებმაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწის 60% შეიძინეს (17 მლნ ჰექტარი); კარგია კომპანია „ბლექ როკისთვის“, რომელიც ფლობს აქციების წამყვან პაკეტს როგორც ამ სამ კომპანიაში, ისე იარაღის მწარმოებელ კომპანიებშიც, მაგრამ დამღუპველია უკრაინისთვის. ასეთი დაღუპვისთვის ჩვენ საქართველოს ვერ გავიმეტებთ და ამიტომაც, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ომში ჩათრევას შეძლებს, ეს არ მოხდება. ეს კარგად გამოჩნდება ქართველი ხალხის არჩევანში, რომელსაც ის 26 ოქტომბერს გააკეთებს.

სხვათა შორის, გუშინწინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გამოაქვეყნა მონაცემები ქრონოლოგიურად, თუ ყოველდღიურად რამდენი განცხადება კეთდება ჩვენი ე.წ. სტრატეგიული მეგობრების მხრიდან ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. იმ ოპოზიციის, რომელიც სინამდვილეში არის უცხო ძალების აგენტურა და რომელიც მზად არის, მისი პატრონების პირველივე ბრძანებაზე საქართველო ჩართოს ომში. ეს იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა და მათი მფარველები ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებებით შეაშინებენ ქართველ ხალხს და მოახდენენ ზემოქმედებას მის არჩევანზე. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ხალხისთვის ახლა მშვიდობასა და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.