ევროკომისიამ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) მოამზადა. საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო 32-ე ადგილიდან საუკეთესო ოცდაათეულში 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ეს ყველაზე საუკეთესო სარეიტინგო შედეგია, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს. ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას, ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და აგრეთვე ლიდერია მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ბელგია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვა.

განსაკუთრებული წინსვლა საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განიცადა. სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა, 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, მალტა, ლატვია, უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა ადმინისტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ქულით.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.