პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ქართველების, ოსებისა და აფხაზების ურთიერთპატიების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რადგან აფხაზების, ოსებისა და ქართველების მიერ დაშვებული შეცდომების ურთიერთაღიარებისა და ურთიერთპატიების თემაზე არ ჩერდება ჩვენი “პატრიოტული ძალების” შეშფოთებული აღშფოთება, ეგ ისტორია ერთხელაც მინდა გავიხსენო.
2015 წლის მაისში, პოსტფაშისტურმა საქართველომ მსოფლიოს სახარებისეული სიყვარულის პრაქტიკული გამოვლინება შეახსენა – სეპარატისტული აფხაზეთიდან შემოვიდა სიგნალი: უმძიმეს და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, აფხაზეთის “ლეონის ორდენოსანი”, ქართველებთან ომის გმირი, მოქმედი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის (მერაბ ქიშმარიას) ძმა, რუსლან ქიშმარია, ქართველი მედიკოსებისაგან დახმარებას ითხოვდა.
მის (როგორც “უიმედო” პაციენტის) მიღებაზე უკვე უარი თქვეს სოხუმისა და სოჭის კლინიკებმა, ერთადერთი – თბილისი იყო, რომელმაც ბრძანა: “ჩამოიყვანეთ!” სასწრაფოდ იქნა გამოყოფილი ე.წ. “კატასტროფის” ეკიპაჟი, სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სიკვდილის პირას მყოფი პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში
(კახა ოქრიაშვილის “ნიუ ჰოსპიტალში”), სადაც დაიწყო რუსლან ქიშმარიას საიქიოდან გამოყვანის ურთულესი სარეანიმაციო პერიოდი.
ქართველი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის წყალობით, პაციენტი გამოყვანილ იქნა კომატოზური მდგომარეობიდან. იმ დღეებში მისი ერთ-ერთი მომვლელი ქართველი ექთანი აფხაზეთის ომში მეუღლედაკარგული ქალბატონი იყო.
გონზე მოსულ ქიშმარიას ქართველების გმირობაზე მასთან ერთად მყოფმა მეუღლემ უამბო. სულ ცოტა ხანში, რუსლან ქიშმარიამ პალატაში მართლმადიდებელი მღვდელმსახურის მოყვანა სთხოვა ექიმებს, ერთადერთი თხოვნით – თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, აფხაზეთიდან ყოფილიყო წარმოშობით. დღის ბოლოს პაციენტთან წარმოშობით სოხუმელი, ჩემი მეგობარი მეუფე მივიდა…
მეუფეს, მისივე თხოვნით, მე იმავე დღეს, გვიან საღამოს შევხვდი. მეუფე აღელვებული ჩანდა – ერთადერთი, რაც მითხრა: ეს იყო მის სასულიერო პრაქტიკაში “ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ყოვლისმომცველი და გულწრფელი აღსარება, სინანული და ბოდიში”.
“აფხაზეთის გმირი” რუსლან ქიშმარია თბილისში, ქართველი მღვდელმთავრის ხელით ეზიარა.
თბილისში, ფაქტობრივად გარდაცვლილ მდგომარეობაში შემოყვანილმა ქიშმარიამ აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კიდევ ორი წელიწადი იცოცხლა. ის ორი წელიწადი, რომელიც მას ქართველებმა აჩუქეს.
სოციალურ ქსელში მქონდა მის ახლობელთან კონტაქტი. სიცოცხლის ბოლომდე, მისგან ქართველებზე აუგს ვერ გაიგებდითო. ასეთია შეცდომების აღიარებისა და ბოდიშის ძალა. ერთმანეთის დაბრუნების გარეშე, ტერიტორიების დაბრუნება არაფერს მოგვცემს.
მონტენეგროს მოქალაქე მეგობარი მყავს, ადვოკატია და სერბეთს და ხორვატიასაც ემსახურება. წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდის ჩემთან. ერთხელ დავუსვი კითხვა – კოსოვარი ალბანელი რომ კვდებოდეს, ჩავა თუ არა ბელგრადში სამკურნალოდ. არაო – თავს მოიკლავს, მაგრამ
არ ჩავაო, – მიპასუხა. როდესაც ჩვენს ფენომენზე მოვუყევი – ასობით კი არა, ათასობით გადარჩენილ აფხაზ პაციენტზე თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისის კლინიკებში, თქვენ შერიგებისკენ უსერიოზულესი წინ გადადგმული ნაბიჯი გაქვთო. მარტო ჩემს ქირურგ მეუღლეს ასეთი 12 პაციენტი ჰყავს. დღემდე უკავშირდებიან მადლიერებით…” – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.