“ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც  რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს”, –  წერს “ფეისბუკის” გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა.

როგორც “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „მთავარი არხის“ ეთერში, ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა არასწორი და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიმართ, კერძოდ, CDD მტკიცებით ფორმაში მოიხსენია როგორც „სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია“ (GONGO), “რაც არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ზიანს აყენებს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და სანდოობას.”

“ასეთი ცილისმწამებლური და ცრუ “იარლიყი” ძირს უთხრის წლების განმავლობაში ჩვენს ერთგულ მუშაობას საქართველოს დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური განვითარებისთვის.

მიუხედავად ამისა, მაქვს იმედი და მჯერა, რომ „მთავარი არხი“ გაატარებს საჭირო ნაბიჯებს ამ შეცდომის გამოსასწორებლად და დაიცავს იმ ჟურნალისტურ სტანდარტებს, რომლებიც ყველასთვის ღირებულია. სიმართლე და სამართლიანობა აუცილებელია და მჯერა, რომ ის აღდგება”,- წერს ჩაჩავა.