პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, სოფლების – გორაბერეჟოულისა და ხაჯალიის რეაბილიტირებული სკოლები გახსნა.

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა 180 მოსწავლეზე, ხოლო ხაჯალიის საჯარო სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, სკოლებში, სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. მოწყობილია გარე სპორტული მოედანი. სკოლები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.