პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა.
„ეს არის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მულტიფუნქციური ცენტრი. პროექტი შესრულებულია უმაღლეს დონეზე, უმაღლესი ხარისხით. იქნება არაჩვეულებრივი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების რეალიზება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის ასეთი ცენტრი იხსნება ზუგდიდში და მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება.
ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ახალგაზრდების ინტერების რეალიზებაზე ზრუნვა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის.
ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება. სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.
ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 18.8 მილიონი ლარი შეადგინა.
ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდულ ცენტრში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.