5464 ოჯახს მიწები დაუკანონდება. ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
„წლების განმავლობაში ადამიანები ვერ ახერხებდნენ კონკრეტული მიწების რეგისტრაციას, რაც მათთვის უდიდეს პრობლემას იწვევდა. 2023 წლის ივნისში თბილისის მუნიციაპლეტიეტის 12 არეალში დაიწყო სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
15 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული. დიდი ციფრია და ბევრ ოჯახს ეხება ამ პრობლემის მოგვარება.
როგორც გითხარით, 12 არეალი იყო გამოყოფილი, სადაც დავიწყეთ მუშაობა – დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.
პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს 4264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელი არის 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
საერთო ჯამში, თბილისში სისტემური პროექტი ეხება 27 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5464 ოჯახს განაცხადი დაუკმაყოფილდება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არიალები მოქცეულია სოფელ დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის სისტემურ არეალებზე. დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, მთელი ისტორიის შესწავლა და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება.
რა, თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვინც ანალოგიური პრეობლემის წინაშე დგას“, – განაცხადა კალაძემ.