ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, ზღვისუბანში, თემქის ხევში საქალაქთაშორისო პარკის მშენებლობა დასრულდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა.
პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს შეადგენს. გულწრფელად გეტყვით: როდესაც აღნიშნული სივრცის სანახავად მივედით, იყო სრული ჭაობი, ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი და უმძიმესი მდგომარეობა. პროექტის ფარგლებში, პირველი, რაც გაკეთდა იყო ის, რომ დაახლოებით, 250 კუბამდე დაჭაობებული მიწის მოჭრა და გატანა განხორციელდა; შესაბამისად, ახალი ნოყიერი მიწით შეივსო ეს არეალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

დღეს უკვე აღნიშნული ტერიტორია გვაქვს მოწესრიგებული, განათებული, ყველანაირი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი და, რაც მთავარია, გამწვანებული, რეკრეაციული დასასვენებელი სივრცე, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა განათებისა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატური, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ პარკი, ორი ტბა და და მათი დამაკავშირებელი პატარა მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.

გარდა ამისა, მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ მიკრორაიონებს აკავშირებს ერთმანეთთან.

პარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად, რომელსაც საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტერიტორიაზე შესაბამისი გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა და 75 ათასი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო.

ჩვენ გვინდა, რომ 20 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, საზეიმოდ გავხსნათ თემქის ხევის პარკი. გაიმართება მუსიკალური ჯგუფის – „მგზავრების“ კონცერტი. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გეპატიჟებით. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით.
მიხარია, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რეკრეაციული სივრცე შეემატა, რომელიც 25 ჰექტარზეა გაშენებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.