დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. დასრულებულ პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ცენტრი, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება და მასში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოსა და ტანვარჯიშის წრეები.
ასევე, შენობაში განთავსდება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი.
„ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ყველა რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე.
გასულ კვირას მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გავხსენით მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პირველი ფილიალი. ისტორიულად, აქ არსებობდა სპორტული სივრცე, რომლის დემონტაჟი მოგვიწია. ფაქტობრივად, ახალი პროექტი განვახორციელეთ, სადაც განთავსებულია საკალათბურთო მოედანი, ფიტნეს სივრცე, ფრენბურთისთვის განკუთვნილი არეალი თავისი საშხაპეებითა და გასახდელებით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, მასშტაბური პროექტი. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ.
კიდევ ერთი პროექტი – მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარეობს, სადაც ძალიან მალე დავასრულებთ სამუშაოებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში ადგილზე მისვლისა და დათვალიერების საშუალება გვექნება.
ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს პროგრამა 60+ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, მსგავს ცენტრებში, გარკვეულ საათებში ინფრასტრუქტურა უფასოდ გამოიყენონ.
სპორტული ცხოვრება ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რათა ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე“, – აღნიშნა კალაძემ.