“ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სატელიტებს, მის გარშემო შეკრებილს, ბოროტმოქმედებას სჩადის, დანაშაულს სჩადის. ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის, საკუთარი ქვეყნის დანგრევის და გაცამტვერების, იმიტომ, რომ ეს ამოცანა უდგათ იმათ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ხატია დეკანოიძეს დავალება მისცა, რომ „არა ომს“ წაეშალა. მოეკითხებათ აუცილებლად”, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას, სადაც საუბარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხარდამჭერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
„მაგალითს მოგიყვანთ, რომელზეც, სხვათა შორის, შეგიძლიათ, სალომე ზურაბიშვილს ჰკითხოთ და ის მოჰყვება კარგად; ალბათ, საქართველოში ყველაზე კარგად მან იცის ეს თემა, – როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ კოლაბორაციონისტებისადმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – მათ მიმართ, ვინც ეთანამშრომლებოდა და მხარს უჭერდა ვიშის მთავრობას, ნაციონალისტებსა და ფაშისტებს საფრანგეთში. დიდი კოლონები იყო თავგადაპარსული ქალების, რომლებიც პარიზში იქით-აქეთ გაატარეს; იმათზე აღარ ვლაპარაკობ, ვინც პირდაპირ თანამშრომლობდა ვიშის მთავრობასთან. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ ამაზე და ის მოჰყვება. მერწმუნეთ, კარგად იცის ეს ისტორია და კონკრეტულ პიროვნებებზეც შეიძლება ისაუბროს, – თუ მოინდომებს, ბუნებრივია.
ამიტომ მე მხარს ვუჭერ ყველანაირად და ვთვლი, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დააყენოს ეს საკითხი.
თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გადარჩეს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რაღაც მომავალი ჰქონდეთ, აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც საკუთარი პიროვნული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად, ხელს უწყობენ ამ ბოროტებას, რომ რაღაც გავლენა ჰქონდეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ესა თუ ის გავლენა ჰქონდეთ პარლამენტში.
გაიხსენეთ, ძალიან მარტივია: არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს, დაწყებული იმ კანონით, რომელზეც ისტერიკა აქვს მთელ მსოფლიოს, სადაც ლაპარაკია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე; არც ერთი მათგანი, ვისაც ეს ხალხი აძლევს ხმას, არ ესწრებოდა ამ კანონის მიღებას. არც ერთმა არ მისცა ხმა – არც „ნაციონალებმა“, არც „ლელოელმა“ კომკავშირელებმა, არც ის ოთხი „ნაციონალი“ რომ ზის ერთად და, ყველაზე სასაცილო რაც არის, თავის თავს „ახლებს“ რომ ეძახის. არც ერთ კანონს, რომელიც სისხლხორცეულად სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მომავალს და ჩვენს შვილებს, ხმა არ მისცეს. ეს არის ნათელი. ჩვენ 9 წელიწადი ვუყურებდით მათ მოქმედებას, როცა ხელისუფლების სათავეში იყვნენ, რა ქნეს ამ ქვეყანაში და მერე ვუყურებთ, როგორი ძალისხმევა აქვთ იმისთვის, რომ არ ჩამოყალიბდეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ყველანაირად ხელს უშლიან იმის გამო, რომ იმ ბატონებს, რომლებსაც ისინი ყმობენ და საიდანაც ფულს იღებენ, როგორმე ასიამოვნონ.
ხატია დეკანოიძისა და უგულავას გუშინდელი საქციელი არის იმის მანიშნებელი და მაჩვენებელი, თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. მინდა გითხრათ, რომ ასე ფიქრობს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების აზრი. ეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, – რომ აუცილებლად მოვკითხავთ და არ ეგონოთ, რომ მაინც და მაინც მაღალი ინსტიტუტებია საჭირო. ამისთვის ჩვეულებრივი ცხოვრებაა საჭირო. ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს; ვიცით, ვინ არიან ისინი და მათაც იციან, ვინ ვართ ჩვენ, და აუცილებლად მოეკითხებათ ყოველ მიზეზ გარეშე და თანაც, ვფიქრობ, დრო დადგება, ვინც აქტიური მონაწილე იყო ამ დანაშაულის, მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს”, – განაცხადა ხაინდრავამ.