“რუსეთი რამდენიმე თვის განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რათა მათ მოლდოვაში 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე გავლენა მოეხდინათ.
ინფორმაციას მოლდოვაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადება მოჰყავს, სადაც ის საუბრობს, რომ რუსეთი ცრუ ნარატივებს მოლდაველი ოპოზიციონერის ილან შორის მეშვეობით ავრცელებდა.
„ცნობილი რუსეთის გავლენის აგენტი ილან შორი ყოველთვიურად ათეულობით მილიონ დოლარს უხდიდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების შესახებ რუსული ინტერესების შესაბამის ნარატივებს ავრცელებდნენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები პრორუსულ კონტენტს ავრცელებდნენ ტრადიციული მედია საშუალებებით, ადგილობრივი ვებ-გვერდებითა და სოციალური ქსელის მეშვეობით“, – ნათქვამია კირბის განცხადებაში.
აშშ-ში დარწმუნებულები არიან, რომ მოლდოვა უცხოური გავლენის საფრთხეებს გაუმკლავდება. „რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის და მოლდოვის მთავრობები, მოლდოვური უსაფრთხოების სამსახურები და სხვა მოკავშირეები და პარტნიორები ამბობდნენ, რომ რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოლდოვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საელჩო იუწყება, აშშ-ის მთავრობა და მოლდოვის მთავრობა მუშაობენ მხარდამხარ, რათა რუსული გავლენის მცდელობები ამხილონ და შემოიღოს სანქციები მათ მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობს.