საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანია – მხარე, რომელიც პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს, ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები დესტრუქციის ქაოსური პროცესებისა და რევოლუციური სცენარების გასავითარებლად. ის განცხადება, რაც გაავრცელა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არის პრევენციული, მაგრამ, ამავე დროს, საგანგაშო – იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება: ეს ადამიანები მზად არიან, ყველა მეთოდითა და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, რომ, როგორმე, საკუთარ საწადელ მიზანს მიაღწიონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონიერი გზით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რათა ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.