„არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის მინიშნებები“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

„ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია; სადაც არის ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია; სადაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად; თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე.
ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. ამისთვის არის საჭირო ასეთი განცხადებები. მეტი ფუნქცია, ისევე, როგორც საქართველოს შესახებ ნებისმიერ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ამ განცხადებას არ აქვს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.