„18 წლიანი ასპარეზობის შემდეგ დადგა ის დღე, როდესაც წავედი სამუდამოდ აქტიური სპორტიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცერემონიაზე მობრძანდა, განსაკუთრებით ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოდან ძალიან დიდი გზა გამოიარეს და ტოკიომდე ჩამოვიდნენ, რომ ჩემი სპორტიდან გაცილებას დასწრებოდნენ”, – განაცხადა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი).
ქართველი სუმოისტის დებიუტი 2006 წელს შედგა, 2008 წლიდან კი უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობდა. ტოჩინოშინმა კარიერის განმავლობაში 100 ბაშოზე იასპარეზა, ყველაზე წარმატებული კი 2018 წლის პირველი სუპერ ტურნირი გამოდგა, როცა იმპერატორის თასი მოიპოვა. ამის შემდეგ კი ოძეკის წოდებაც დაიმსახურა. ტოჩინოშინი გახდა პირველი ქართველი სუმოისტი, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.