„ოპოზიციის პარტიული ტელევიზიის ეთერში გუშინ გასული მორიგი სიცრუით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის მერიის მთელ გუნდს. პარალელურად, სიყალბე, რომელიც გუშინ „მთავრის“ ეთერში ვიხილეთ, არის რუსთავში წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბვის მცდელობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რითაც ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. სიუჟეტის მიხედვით, “ქართული ოცნების” დავალებით, მეეზოვეებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების მხრიდან მორიგი ბინძური კამპანიის აგორების მცდელობას რუსთავში. ტელეკომპანია „მთავარი“, ამჯერად, რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. დღეს განცხადებას ვაკეთებ როგორც „ქართული ოცნების“ რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და როგორც რუსთავის მერი.
რუსთავის მერიაში დასაქმებული ადამიანები ვართ ერთი გუნდი და ყოველდღიურად ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას და, შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს თანამშრომლებს.
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ გასული სიუჟეტი არაფერია, თუ არა კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზებით რეალობის სრული დამახინჯება.
იმისთვის, რომ ოპოზიციური ტელეკომპანიის მორიგმა სიცრუემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, განვმარტავთ, რომ ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრში” შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებთან ხელშეკრულების განახლება ხდება ეტაპობრივად, კონკრეტული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შესაბამისად, რისთვისაც დასაქმებულებს უწევთ გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, მათ შორის, ვალიდური პირადობის მოწმობების, და უწევთ ხელმოწერის გაკეთება განახლებულ ხელშეკრულებაზე. ამ რუტინულ პროცედურას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო საარჩევნო პროცესებთან.
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტში “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომელი ქალბატონის მიერ ჩამოთვლილი ადამიანებიდან არც ერთი არ არის და არც ყოფილა დასაქმებული “რუსთავსერვის ცენტრში”. ქალბატონი პასუხობდა ჟურნალისტის მხრიდან დასმულ სულ სხვა შინაარსის კითხვას, რის შემდეგაც პარტიულმა ტელევიზიამ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზებით დაამახინჯა რეალობა. ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაჭრილი კადრი ფალსიფიკაციის ნათელი დადასტურებაა და აქვე, „მთავარ არხს“ მოვუწოდებ, მოსახლეობას აჩვენოს უწყვეტი კადრი.
კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განმარტება კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შევუშალოთ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების მორიგ მცდელობას, გაავრცელონ სიცრუე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.