“იმას, რაც მოლდოვაში ხდება საპრეზიდენტო არჩევნებთან და ევროკავშირის რეფერენდუმთან დაკავშირებით, მარტივად ჰქვია უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა საგარეო კურსის შეცვლის მიზნით! ჩარევაცაა და ჩარევაც, – ეს არის უხეშობა, რეალურად, ხელის გადაგრეხა და ძალადობა, მნიშვნელობა არა აქვს, ამერიკელების მხრიდან იქნება თუ ჩინელების, რუსებისა თუ ევროკავშირის მხრიდან”, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

“თუმცა, აქვე უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მოლდოვას თავისი გზა აქვს და ჩვენ – ჩვენი. შედარებებზე ბევრს ნუ იწვალებენ. ჩვენ ვიცით, რა და რისთვის გვინდა; რაც მთავარია, ღირსებას არავის გავათელვინებთ. ამ ფაქტის გათვალისწინება ყველას მოუწევს, მნიშვნელობა არა აქვს, მოსწონთ ეს გარე მოთამაშეებს თუ არა.

ისე, წარმომიდგენია, უკრაინაშიც, რომ ჩატარდეს მსგავსი რეფერენდუმი (ვიცი, რომ ვერ ჩატარდება, თუნდაც, ომის გამო და თუნდაც, ტერიტორიების დაახლოებით 20/25% უკონტროლოა), რა შედეგი დადგებოდა?!

ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ: გუშინდელმა მარშმა ბევრი რამ კიდევ ერთხელ დაგვანახა: პრეზიდენტი არაადეკვატურია; ოპოზიცია იმ დონემდეა გაკოტრებული, რომ ლიდერები ტრიბუნაზე ასვლას ვერ ბედავენ, – მათ ძალიან ცოტა რაოდენობა უჭერს მხარს. ბევრი, ალბათ, მაინც კონცერტზე მოვიდა… ახლა გეგმების გადაწყობა და გადალაგება მოუწევთ, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მოლდოვას მაგალითზე გარე აქტორები შეიძლება დაფიქრდნენ, რომ აქ ასეთი ბინძური თამაშები არ გამოვა, შესაბამისად, წესით, ტონიც უნდა იცვალონ და გეგმებიც. თუ პირიქით, მოლდოვას მაგალითმა სიმხნევე შემატა მათ და კიდევ ერთხელ შეეცდებიან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, 26 ოქტომბერს აუცილებლად გამარჯვებით დავუმტკიცებთ, რომ მათი კრახი გარდაუვალია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.