“ამას უზრუნველყოფს ის, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით.
ამან მოგვცა საშუალება, რომ ბიუჯეტი დაგეგმილზე ბევრად მეტი ყოფილიყო და ამან მოგვცა საშუალება, ვთქვათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ გაცილებით უკეთესად”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვით, ამ პერიოდში ბიუჯეტში დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტი გადასახადები შევიდა.
“ამას ჩვენ ასე თამამად, გახსოვთ, ალბათ, ვერ ვლაპარაკობდით წინასაარჩევნო კამპანიების დროს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, პანდემიის დროს ამაზე ლაპარაკი ცოტა რთული ამბავი იყო, და მეორე: ჩვენ შევძელით შეუძლებელი – ევროპაში პირველ ადგილზე ყოფნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს შევძელით და ამ მონაცემებზე დაყრდნობით – რომელზეც ლაპარაკობს არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ობიექტურად მოფიქრალი და მოლაპარაკე რომელიმე ადამიანი, არამედ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი – მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და, შესაბამისად, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზებაც აქედან გამომდინარეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.