წლის ბოლომდე მიწები კიდევ 4021 ოჯახს დაუკანონდება
წლის ბოლომდე მიწები კიდევ 4021 ოჯახს დაუკანონდება. ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
მერის თქმით, მიწების რეგისტრაცია ამჯერად ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს შეეხება.
“ამ ორი განკარგულებით რეესტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განხორციელოს რეგისტრაცია, ჯამში, 9485 სარეგისტრაციო განაცხადზე.
ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ოჯახი ელოდებოდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მინდა შევახსენო ყველას, რომ წლის ბოლომდე თბილისის მუნიციპალიტეტის 12-ვე არეალში დასრულდება აღნიშნული პროცესი [მიწების დარეგისტრირების].
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი თბილისში ხორციელდება 2023 წლის ივნისიდან. ეს პროცესი ეხება შემდეგ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს დედაქალაქის მერია. დაახლოებით, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება რეგისტრაციებისთვის. პროექტის ფარგლებში არსებული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, სისტემური პოროექტები ეხება 27 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ამ 9485 ოჯახს დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქის მერიამ მიიღო.
წლის ბოლომდე ყველა არეალი დასრულდება და ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: დედაქალაქის მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, 5464 ოჯახს მიწები დაუკანონდება, რომელიც 12 არეალიდან 5 არეალს შეეხებოდა – სოფელ დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის.
პროექტის ფარგლებში შერჩეული არეალებია: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.