„რას ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ 26 ოქტომბერს

ლიბერალიზმისგან განსხვავებით, ფსევდოლიბერალიზმი ტოტალიტარიზმის ნაირსახეობაა. ის კრძალავს განსხვავებული აზრის ქონას, იბრძვის ტრადიციული ღირებულებების მოსასპობად და ამკვიდრებს ფსევდო ღირებულებებს; წინა პლანზე წამოსწევს სქესობრივი თავისუფლების იდეას, ახალისებს სქესის არჩევის და შეცვლის უფლებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას; ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვას უწოდებს უცხო ქვეყნებიდან თავსმოხვეულ დიქტატსა და დამორჩილებას. სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ ჩვენს მისწრაფებას იზოლაციად და კარჩაკეტილობად აფასებს”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე.

“მოკლედ, ფსევდოლიბერალები გვარწმუნებენ, რომ სიცოცხლე სიკვდილია, სინათლე – სიბნელე, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა – ნორმა, ამის წინააღმდეგ აზრის გამოთქმა – გოიმობა და მარგინალობა და ა. შ.

26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ არა მხოლოდ ომსა და მშვიდობას, არამედ ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმსა და გიგა ბოკერიას ფსევდო ლიბერალიზმს შორის.

ბიძინა ივანიშვილს ხშირად საყვედურობდნენ, რომ მან „ნაცმოძრაობა“ სპეციალურად შეინარჩუნა, რათა ამ კომპრომეტირებული პოლიტიკური პარტიის ფონზე, ხალხს უფრო გაადვილებოდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. თავის მხრივ, “ოცნების” ლიდერები აპელირებდნენ იმაზე, რომ დასავლეთმა არ მისცა მათ თავის დროზე “ნაცების” გასამართლების საშუალება.

ძნელია, დაზუსტებით ამტკიცო, რომელი ვერსიაა სწორი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე “ნაცების” პარტიის დატოვებამ გამოიწვია მათთვის მხარდამჭერების შენარჩუნება და გასული 12 წლის მანძილზე ვერ მოხდა ამ პარტიის ჩანაცვლება ცივილიზებული, ქვეყანაზე მზრუნველი პოლიტიკური ძალით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რომ არა გერმანელი ფაშისტების მიმართ თავის დროზე ჩატარებული ნიურნბერგის პროცესი, ნაცისტურ პარტიას გერმანიაშიც დარჩებოდა სოლიდური რაოდენობის მომხრეები და შეიძლება ის დღესაც გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე ყოფილიყო.

ნაცისტური იდეოლოგიისგან გერმანიის მოკლე პერიოდში გათავისუფლება შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ფაშიზმის მომხრეებსა და მიმდევრებს არ დაუტოვეს ამ პარტიის რეანიმირებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა. ამიტომაც, ფაშიზმის განადგურებიდან გასული თითქმის 80 წლის შემდეგაც დევნიან იმ ფაშისტ დამნაშავეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ეს დევნა იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი სახის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

დღეს ქართული ოპოზიციის ის მხარდამჭერები, რომლებიც ვერ უარყოფენ “ნაცმოძრაობის” მმართველობის დანაშაულებრივ ხასიათს, მიუთითებენ, რომ ოპოზიციაში არიან ის ძალებიც, რომლებსაც არ აქვთ “ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივ წარსულთან შეხება და თითქოს არასწორია “ნაცების” დანაშაულებრივ რეჟიმთან მათი გაიგივება. ასეთებად ისინი წარმოაჩენენ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს.

ამ პარტიების შეფასებისას მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ პირველი მათგანი “ნაცებთან” მშვენივრად თანამშრომლობდა დარეკეტებული ქონებების „დაბინავების“ საქმეში, ხოლო მეორე კარგად შერჩეული „დროული“ ღალატით მაქსიმალურად შეეცადა, რომ “ნაცებს* სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში დახმარებოდა, არამედ ის, რომ ერთიც და მეორეც ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში სწორედ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად შექმნან კოალიციური მთავრობა, ანუ სულაც არ მიიჩნევენ მათ დანაშაულებრივ და ტოქსიკურ პოლიტიკურ ძალად. მართალია, გახარია ცდილობს, მთლად ასე პირდაპირ არ გამოთქვას პრონაცისტური პოზიცია და ხანდახან ამბობს, რომ არც “ქოცებთან” და არც “ნაცებთან” არ ითანამშრომლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხში, მაგრამ ფაქტია, რომ გახარიამ ე. წ. „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერით სწორედ “ნაცებთან” თანამშრომლობაზე აიღო პასუხისმგებლობა და სულაც არ შერცხვა, რომ პრეზიდენტად წოდებულის მიერ წამოწყებულ ანტიკონსტიტუციურ თამაშებში ჩართულიყო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სწორია ქართულ პოლიტიკურ წრეებში დამკვიდრებული ის შეფასება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში, რეალურად, ერთმანეთს უპირისპირდება ორი პოლიტიკური ძალა – ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება” და მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” მის ანასხლეტებთან ერთად.

მართალია, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ძალიან ეცადნენ ქართველ ამომრჩეველთა შორის ისეთი აღქმების გაჩენას, რომ თითქოს 26 ოქტომბერს არჩევანი ხდება მათ მიერვე „დემოკრატიის შუქურად“ ბრენდირებულ “ნაცმოძრაობასა” და „რუსულ ხელისუფლებად“ წარმოჩენილ „ქართულ ოცნებას“ შორის, მაგრამ ხალხმა ყოველგვარი აღქმების გარეშე, ნანახი და საკუთარ თავზე გამოცდილი ფაქტებით კარგად იცის, რომ ამ დღეს, რეალურად, არჩევანი უნდა გააკეთოს ტოტალიტარული რეჟიმის დამამკვიდრებელ სისხლიან რეჟიმსა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე მიმყვან “ქართულ ოცნებას” შორის, რომელთაგან პირველის იდეოლოგია ფსევდოლიბერალიზმია, ხოლო მეორესი – ტრადიციული ღირებულებები“, – წერს ნანა კაკაბაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.