„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის – მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. „ჩვენ გვაქვს შემუშავებული ხმების დაცვის მექანიზმი – არაფერს არ ვიტყვით, თუ გაყალბების შესახებ ხელში საკმაოდ სერიოზული მტკიცებულება არ გვექნება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„წაგების შიშით აგონიაში მყოფები რას არ იტყვიან და ან რას არ მოიგონებენ; აგერ, “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეს, თურმე, გეგმა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებაც ჰქონია, რომლის მიხედვით, სარჩევნო პროცესის გაკონტროლებას აპირებს. სერიოზული განაცხადია, რომ არ ვიცოდეთ, ვინ და რატომ ამბობს ასეთ რამეს. ხაზარაძემ რომ ხალხისგან (და არა მარტო!) უკვე მოიპოვა ხანდაზმული თაღლითის სახელი, ეს უკვე ვიცით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ წარმოგვიდგება საარჩევნო „ნოუჰაუს“ ავტორად, ესეც გასაგებია, – წაგების შემთხვევაში ხომ უნდა თქვას, – აგერ, ჩემი დათვლებით სხვა მონაცემებიაო!

ყველას შევახსენებ, რომ არჩევნებს ქვეყნებში ატარებენ საარჩევნო კომისიები. ჩვენთან, საქართველოში, ამ ინსტიტუციას ჰქვია ცენტრალური საარჩევნო კომისია – ცესკო.
რჩევის სახით: თუ მამუკა ხაზარაძე და მისი თანამზრახველები არ ენდობიან ცესკო-ს, აქედანვე შეუძლიათ, ეს უნდობლობა ბოიკოტში გადაზარდონ და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

თუ კი “ლელო”-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავისი „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებითა და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი შეიტანოს ქვეყანაში, მაშინ მას სამართალდამცველებთან ექნება საქმე, ამჯერად კი, პოლიტიკოსის შილიფად შემოსხმული მანტია ვერ გადაარჩენს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.