„დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან იდგა საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი. პრეზიდენტი, რომელიც დაიკარგა ნაკარნახევ პოლიტიკურ მესიჯებში. მისი გამოსვლა ნამდვილად არ ასახავდა ქართული პოლიტიკის რეალობასა და საჭიროებებს.
პრეზიდენტი ცალსახად დაშორდა ხალხს და მათ საჭიროებებს; მას აღარ აქვს სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციების ფუნქციური გამართულობის განცდა; ის ვერ ხედავს სახელმწიფო პოლიტიკის პროგრესს; ის დააბრმავა ანტისახელმწიფოებრივმა დაკვეთამ, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოდის.
მისი გამოსვლიდან ტექსტი, შინაარსით – „ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული”, – ქართული სახელმწიფოს დაცინვაა, რადგან ამას არ უნდა ამბობდეს სასამართლოს მიერ დადასტურებულად სახელმწიფოს კონსტიტუციის დამრღვევი პირი სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, მისი გამოსვლიდან კითხვა, შინაარსით – „თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?“ – სამართლიანობის პირობებში, ამ კითხვის ადრესატი არ არის და არც შეიძლება იყოს „ქართული ოცნება”, რადგან ეს არის გუნდი, რომელმაც 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, ხელი მოაწერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას; გუნდი, რომელმაც 2017 წლის მარტში დიდი შრომის შედეგად მოიპოვა უვიზო მიმოსვლა; გუნდი, რომელმაც 2014 წელის 27 ივნისს ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას; გუნდი, რომლის ევროპულმა მუშაობამ მოიტანა 2023 წლის 14 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი.
პრეზიდენტის რეალურ პოლიტიკას აცდენილი პოლიტიკური შინაარსის გამოსვლები არის იმის ფაქტობრივი დადასტურება, რომ ანტისახელმწიფოებრივი მიზნით მომართულმა ფულმა ამ პოლიტიკურ შრეში უკვე შეაღწია… გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი იმსახურებს მიუკერძოებელ, ობიექტურ, საქვეყნო ინტერესებით მოქმედ პრეზიდენტს, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურისა და სამართლებრივი პროცედურებიდან გამომდინარე, დღეს საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლებისადმი თმენის ვალდებულება გვაქვს. მე ჩემს წილ ბოდიშს გიხდით madame პრეზიდენტის გამო. მომიტევეთ“.